ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში გამოსვლისას კიდევ ერთხელ მოითხოვა უკრაინის ცის ჩაკეტვა.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ, მისი თქმით, ბევრს ითხოვს, მას ალტერნატიული წინადადება აქვს: უკრაინის გაძლიერება საჰაერო თავდაცვის სისტემებით.
"რუსეთმა უკრაინის ქალაქების ცა ათასობით ადამიანის სიკვდილის წყაროდ გადააქცია. რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინას 1000-ზე მეტი რაკეტა ესროლეს, უამრავი ბომბი, რომელიც გამოიყენეს ჩვენი მოქალაქეების დასახოცად. ეს არის ტერორი, რომელიც ევროპას 80 წელია, არ უნახავს
და ჩვენ მთელი მსოფლიოსგან ვითხოვთ პასუხს ამაზე. ნუთუ ბევრია იმის თხოვნა, რომ დაწესდეს არასაფრენი ზონა უკრაინის თავზე, რომ ადამიანები გადავარჩინოთ. ეს ბევრია? არასაფრენი ზონა, რათა რუსეთს არ ჰქონდეს საშუალება, ჩვენი თავისუფალი ქალაქების ტერორიზება მოახდინოს.
თუ ეს ბევრია, ალტერნატიული თხოვნა გვაქვს. თქვენ იცით, რა ტიპის თავდაცვითი სისტემები გვჭირდება, როგორიცაა S 300 და სხვა სისტემები.
თქვენ იცით, რამდენი რამეა დამოკიდებული ბრძოლის ველზე თვითმფრინავების გამოყენების შესაძლებლობაზე.
გვჭირდება ძლიერი ავიაცია, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი მიწა.
თვითმფრინავები, რომლებიც დაგვეხმარებიან, დავიცვათ ჩვენი ხალხი, დავიცვათ ევროპა.
ეს თვითმფრინავები არსებობს, თქვენ გაქვთ ისინი, მაგრამ ისინი არ არიან უკრაინის ცაზე და არ იცავენ უკრაინელ ხალხს". - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინელი ხალხი მადლობელია იმ უდიდესი დახმარებისთვის, რაც მათ აშშ-მ და ამერიკელმა ხალხმა გაუწია,
"იარაღისთვის, წვრთნებისთვის, დაფინანსებისთვის. მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის თავისი პირადი ჩართულობისა და გულწრფელი მზადყოფნისთვის, დაიცვას უკრაინა და დემკრატია მსოფლიოში. მადლობელი ვარ თქვენ მიერ მიღებული რეზოლუციისთვის, რომელიც რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების კრიმინალიზებას ახდენს.
თუმცა, ახლა, ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს დროს მე მოგიწოდებთ, დააწესოთ სანქციების ახალი პაკეტი ყოველ კვირას, სანამ რუსეთის სამხედრო მანქანა არ გაჩერდება". - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.